მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში დღეს თემაზე „განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის გამოყენება“ გამოფენა გაიმართება, რომელსაც
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების სახელოსნოს სტუდენტები წარმოადგენენ.
გამოფენაზე საუკეთესო საკონკურსო ნამუშევრები გამოვლინდება, დაჯილდოვებიან გამარჯვებულებიც.
კვირეულის ფარგლებში კავშირ „ენერგოეფექტურობის ცენტრის“ მიერ #203 საჯარო სკოლაში დამონტაჟებული მზის წყლის გამაცხელებელი სისტემის ექსპლუატაციაში ჩაბარების და თბილისის SOS ბავშვთა სოფელში წყლის გამაცხელებელი სისტემის გადაცემის საზეიმო ცერემონიებიც გაიმართება. დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც.
როგორც „ნიუსპრესს“ „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოდან“ აცნობეს, ენერგეტიკის კვირეული ევროპაში ყოველწლიურად ტარდება. მისი ორგანიზატორები არიან ევროკომისიის მთავარი დირექტორატი ენერგეტიკის დარგში, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების ევროპული სააგენტო, სხვა ევროპული ინსიტიტუტები, ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ცნობილი სახელმწიფო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები.
კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის განვითარებას და შეახსენოს საზოგადოების სხვადასხვა ფენას განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის გლობალური, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შემსუბუქების პოტენციალის შესახებ.
