კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისთვის“ ბათუმის „პრეს კაფეში”, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით დაინტერესებულ აქტიურ მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე კოალიციის წარმომადგენლებმა დისკუსიის მონაწილეებს კამპანია - „ეს შენ გეხებას“ შექმნის მიზეზები და სამომავლო გეგმები გააცნეს, მათ შორის, must carry-ს და must offer-ის პრინციპების კანონმდებლობაში ასახვისთვის საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის 30 000 ხელმოწერით შეტანის იდეა.
შეხვედრაზე აგრეთვე, აჭარაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებასა და იქ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, უმთავრეს პრობლემას ადგილობრივი მოსახლეობის არაინფორმირებულობა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება წარმოადგენს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტმა საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილმა, მედია ექსპერტმა ზვიად ქორიძემ, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ კოტე კანდელაკმა და საქართველოს მედია კლუბის თავმჯდომარემ მაგდა პოპიაშვილმა. ღონისძიებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციიდან „არჩევანის თავისუფლებისთვის“ აცნობეს, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში.
ამავე დღეს, კოალიციის წევრებმა, საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის ბულვარში საინფორმაციო აქცია გამართეს, სადაც მოსახლეობას კამპანიის საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისთვის“ საქართველოს რვა რეგიონში შეხვედრების ორგანიზება 15 ივნისიდან დაიწყო.
კოალიციაში აცხადებენ, რომ შეხვედრების მიზანია, საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია კამპანიის - „ეს შენ გეხება“, მისი მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, აგრეთვე, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე. აღნიშნულ თემაზე პირველი შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა.
შეხვედრების შემდეგ კოალიცია ჯგუფებს დააფუძნებს, რომლებიც აქტიურად გაუწევენ მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას, მოაგროვებენ შესაბამის მასალებს და საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენენ საკუთარ ანგარიშებს ამ პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. ამგვარი ჯგუფები სამეგრელოსა და აჭარაში უკვე დაფუძნდა. სამეგრელოში ჯგუფს დავით ფაცაცია, ხოლო აჭარაში ასლან ჭანიძე უხელმძღვანელებენ.
შეხვედრები რეგიონებში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
