სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ივნისის ბოლო კვირა დღე ახალგაზდრობის დღესასწაულად გამოაცხადა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ეს ინიციატივა ახალგაზრდულ საზოგადოებას „დავითიანს“ ეკუთვნის.
პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, რომ ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს წარსულს დღევანდელობას და თავის ბუნებას.
მისივე თქმით, ადამიანისთვის ყველაზე რთული საკუთარი თავის შეცნობაა. მან ძველი რომაელების სიტყვები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ცნება - „შეიცან თავი თვისი“ ყველასთვის უმნიშვნელოვანესია.
„ადამიანი, რომელიც თავს კარგად შეიცნობს ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს, ჩვენი ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა, რადგან სიხარული და მწუხარება ერთმანეთს მუდმივად ცვლიან“ - ბრძანა უწმინდესმა.
მისივე განმარტებით, განსაცდელი ჩვენი ცხოვრების აუცილებელი თანამგზავრია, თუმცა, იგი დიდხანს არ გრძელდება, შემდეგ მოდის სიხარული, შემდეგ ისევ მწუხარება...
დღესვე, უწმინდესმა ნიკოლოზ ბაგრატიონის სახელობის თავადაზნაურთა სკოლის აღსაზრდელები და ანსამბლი „მოძახილი“ დალოცა; რამდენიმე სასულერო პირი არქიმანდრიტის ხარისხით დააჯილდოვა.
