პატრიარქი მიიჩნევს, რომ სკოლებში მანდატურების მუშაობის საკითხი გადახედვას საჭიროებს
პატრიარქი მიიჩნევს, რომ სკოლებში მანდატურების მუშაობის საკითხი გადახედვას საჭიროებს
13:41 17.06.2012
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სკოლებში მანდატურების მუშაობის საკითხის შესწავლის ინიციატივით გამოდის.
როგორც დღეს ქადაგებაზე პატრიარქმა აღნიშნა, საზოგადოება ძალიან ბევრს საუბრობს იმაზე, როგორ უნდა აღზარდონ შვილები.
„არაერთხელ მითქვამს, რომ ბავშვის აღრზდისას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მშობლებს, ოჯახს, ეკლესიასა და სკოლას, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაქცევთ ყურადღებას და მათ სკოლებში დავუნიშნეთ ისეთი ზედამხედველები - ე.წ მანდატურები, რომლებიც კი არ ზრდიან ჩვენს შვილებს , არამედ გარკვეულწილად უარყოფით გავლენას ახდენენ მათზე“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ, ეს საკითხი კიდევ ერთხელ შესასწავლია .
უწმინდესის განმარტებით, შიშით შვილების გაზრდა შეუძლებელია, მათი აღზრდა მხოლოდ სიყვარულით და კეთილი სიტყვით შეიძლება.
„მადლობა ღმერთს, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ეკლესიას გააჩნია ორი სასულიერი სემინარია, უნივერსიტეტი, გელათის მეცნიერებათა აკადემია, ორმოცზე მეტი გიმნაზია და საშუალო სკოლა. ამას ყველაფერს ძალიან კარგი შედეგი აქვს და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის “ - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, არის შემთხვევები, როცა თითქმის ყოველ დღე გადმოსცემენ სხვადასხვა დანაშაულის შესახებ - რომ ახალგაზრდამ მოკლა თავისი მეგობარი ან შვილმა მოკლა მშობელი. როგორც უწმიდესმა აღნიშნა ეს ყველაფერი ჩვენი სულიერების და რწმენის ნაკლებობაზე მეტყველებს.

ბეჭდვა