პატრიარქი ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის შეჩერებას ითხოვს
პატრიარქი ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის შეჩერებას ითხოვს
13:11 17.06.2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბაგრატის ტაძრის მშენებლობა-რესტავრაციის შეჩერებას ითხოვს.  ამის შესახებ დღეს მან სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

პატრიარქის თქმით, ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის გარშემო ბევრი კრიტიკული აზრი გამოითქვა და კრიტიკოსებს საპატრიარქოც ეთანხმება.

როგორც მან აღნიშნა, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ყოველი ტაძარი ლოცვისა და წირვისთვისაა და არა იმისთვის, რომ ხალხმა იგი მხოლოდ ისტორიულ ძეგლად აღიქვას.

მისვე თქმით, ტაძარში ხალხის სულიერი ამაღლება უნდა ხდებოდეს და წირვა-ლოცვები ტარდებოდეს.

„ჩვენ თვითნ მხარს ვუჭრდით რესტავრაციის იდეას, მაგრამ ბოლო დროს გავრცელდა ხმები, რომ ბევრი რამ კეთდება ისეთი, რამაც შეიძლება ტაძარს ზიანი მიაყენოს და ბევრი დარღვევებია რესტავრაციისას“ - ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ამ საკითხზე იგი „იუნესკოს“ პრეზიდენტს ესაუბრა.
„მინდა ვთქვა, რომ ბევრი რამ არასწორადაა გაკეთებული და ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ მშენებლობა და რესტავრაცია საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად ხდება. სწორედ ამიტომ, მე გავეცი ბრძანება, რომ დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ სამუშაოები მანამდე შეჩერდება, სანამ არ გაირკვევა ზუსტად რა უნდა გაკეთდეს.

პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ბაგრატის ტაძრის ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ ასე უბრალოდ არ უნდა უნდა ხდებოდეს მისი ხელისხლება.

უწმინდესის თქმით, ბაგრატის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრები „იუნესკოს“ წარმომადგენლებთან, ასევე, შეხვედრა შედგება საპატრიარქოსა და მშენებლებს შორის და ამ საკითხში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საპატრიარქოს კომისია.

მისივე განცხადებით, ამის შესახებ ეცნობება ქუთათელ-გაინათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს და ტაძრის რესტავრაცია მაშინ განახლდება, როცა სამუშაოებთან დაკავშირებით ყველა დეტალი გაირკვევა.

უწმინდესმა აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ბაგრატის ტაძრის „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ამოღება.

ბეჭდვა