„მედია ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ მოსახლეობისთვის მედიის ხელმისაწვდომობა იზღუდება
„მედია ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ მოსახლეობისთვის მედიის ხელმისაწვდომობა იზღუდება
12:03 17.06.2012
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 და 8 მაისის გადაწყვეტილებები “გლობალTV”- სთვის რეტრანსლირების არაპირდაპირი გზით აკრძალვის შესახებ, საქართველოს მოსახლეობისთვის მედიის ხელმისაწვდომობას ზღუდავს.
ამის შესახებ კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ქვეყანაში პლურალისტური მედია სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს და უკვე გამოკვეთილია საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ოფიციალური პირების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
„მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რადგანაც “გლობალ TV” ტექნიკურად ვერ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ არ მოახდენს მისი სატელიტური ანტენების დემონტაჟს“- ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მომხმარებელთა უფლებების უპრეცედენტო დარღვევის, კერძო საკუთრების ხელყოფისა და მრავალფეროვან ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის საფრთხეს შეიცავს.
კოალიცია იწყებს ადვოკატირებას, რომ არსებული საფრთხე არ იქცეს რეალობად და საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანია "გლობალ TV"-მ საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული ყველა სატელიტური ანტენის დემონტაჟი უნდა განახორციელოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ისა და "იმედის" მიერ მარტში შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა.

ბეჭდვა