ამერიკული ცენტრი „ლანგეითი“ და „ამერიკის მეგობართა კლუბი“ პარლამენტის ეროვნულ ბიბლოთეკაში დღეს პროექტს - „თარგმნე ქართული ზღაპრები ინგლისურად“ დახურვენ.
გაიმართება ქართული ხალხური ზღაპრების ორენოვანი წიგნის, ასევე DVD და AUDIO დისკების პრეზენტაცია.
როგორც „ნიუსპრესს“ „ლანგეითიდან“ აცნობეს, პროექტი მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყო. კონკურსის მონაწილეებს ინგლისურად უნდა ეთარგმნათ ქართული ხალხური ზღაპრები. ჟიურიმ საკონკურსოდ წარმოდგენილი თარგმანები განიხილა და მათგან ცხრა საუკეთესო ტექსტი შეარჩია, რომლებიც შემდეგ გამომცემლობა „ლეთას” მიერ გამოცემულ წიგნში შევიდა. კონკურსში გამარჯვებულებს ფულადი პრემიები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
პროექტში „გამოყენებითი ხელოვნების სკოლაც“ მონაწილეობდა, რომლის აღსაზრდელებმაც ქართული ხალხური ზღაპრების თემაზე შექმნილი ილუსტრაციების კონკურსში გაიმარჯვეს. მათი რამდენიმე ნახატი წიგნის გასაფორმებლადაც არის გამოყენებული. მათვე დადგეს სპექტაკლებიც ინგლისურ ენაზე და ისინი DVD დისკებზე ჩაწერეს, რომლებიც საჩუქრად წიგნებთან ერთად ქართველ ემიგრანტ ბავშვებს გაეგზავნებათ.
