მართლმადიდებლური ეკლესია ხვალ გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებლური ეკლესია ხვალ გიორგობას აღნიშნავს
18:10 22.11.2016
მართლმადიდებლური სამყარო ხვალ გიორგობის დღესასწაულს იზეიმებს.
საეკლესიო კალენდრის მიხედვით წმინდა გიორგი კაბადოკიელის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ - 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღინიშნება.
23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმიდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი მისი თავის კვეთას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს.
წმიდა მთავარმოწამე გიორგი, რომელიც კაპადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური იყო, მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.
დიოკლეტიანემ კერპთმსახურება ააღორძინა და გასცა ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.
გადმოცემით, ამ დროს გამობრწყინდა ყოვლად წმინდა სამების ახოვანი მხედარი, რომელიც მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა ცბიერება და მისი მიმდევარი კი გაკიცხა. დიოკლეტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომ მისი მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. თუმცა, წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამგვარად ვერაფერი დააკლო, დიოკლეტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა. მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ქრისტიანობა დედოფალმაც ირწმუნა, ამიტომ იგი დაატყვევეს. ქრისტეს მხედარი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, წმინდა გიორგი ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. გამძვინვარებულმა მეფემ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელები ჩააცვა ფეხზე და აიძულა ერბინა. ამავე დროს სასტიკად გაშოლტეს, რის შედეგაც მაგნენტიოსმა დაფლული მკვდრის სასწაულთქმედებით გაცოცხლება სთხოვა.
წმინდა გიორგიმ ილოცა და საკვირველებაც აღსრულდა: საფლავს თავი აეხადა, საიდანაც გამოვიდა მიცვალებული, იგი ფეხებში ჩაუვარდა და უფალს დიდება შესწირა, ხოლო მეფის კითხვაზე, ვინ არის და რამდენი ხნის გარდაცვლილი, მკვდრეთით აღმდგარმა უპასუხა:„მე ქრისტეს მოსვლამდე ვცხოვრობდი და კერპთა საცთურისათვის აქამდე ცეცხლში ვიწვოდიო“. ამ დიდებულმა სასწაულმაც მრავალი ქრისტიანი შეჰმატა ეკლესიას, მათ შორის ნეტარი გლიკერიც, რომელიც ღმრთის აღიარებისათვის მახვილით დაისაჯა. ათანასე გრძნეული, რომელმაც დაინახა თუ არა გრძნეულების უძლურება, ჭეშმარიტება აღიარა და ქრისტეს მსხვერპლად შეიწირა. მთავარმოწამე კერპთმსახურთა ტაძარში შევიდა და უბრძანა კერპს, ეთქვა, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ხოლო ეშმაკის პირით კერპმა მეყსეულად აღიარა:„ქრისტეა ერთადერთი ღმერთიო“, რის შედეგაც ყველა კერპი შეიძრა და შეიმუსრა. ეშმაკის მსახურებმა ვეღარაფერი გააწყვეს წმინდა გიორგის წინაშე, შეიპყრეს იგი და დიოკლეტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ილოცა და უმახვილოდ განუტევა სული.
წმიდა გიორგის წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქალაქში შემორჩენილი. მათ შორის მუხლის ნაწილი წლების განმავლობაში ინახებოდა სიონის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო მოგვიანებით ის სამებაში დააბრძანეს.


ბეჭდვა