თბილისის ზღვის მიმდებარედ 2500 ხე დაირგო
თბილისის ზღვის მიმდებარედ 2500 ხე დაირგო
16:04 20.11.2016
თბილისის ზღვის მიმდებარედ დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის“ გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში 2500 ხე - მცენარე დაირგო.
აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „აეკომის“ წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.
გამწვანების ღონისძიებაზე 1100 მუხა, 500 კავკასიური ცაცხვი, 200 მთის ნეკერჩხალი, 300 კედარი, 200 კატალპა, 150-იფანი და 50 ნეკერჩხალი დარგეს.
როგორც მერიაში აცხადებენ, კონტრაქტორი კომპანია ხე - მცენარეების მოვლა პატრონობას 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.
თბილისი მერმა დავით ნარმანიამ სხვა კომპანიებსაც მოუწოდა მსგავს ღონისძიებებში ჩართვისკენ.
“კომპანია „აეკომმა“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გამწვანების ღონისძიებებში ჩართვის სურვილი გამოთქვა. სწორედ ამიტომ, დღეს, მათთან ერთად ვრგავთ ხეებს. ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა დედაქალაქში, ეკოლოგიის თვალსაზრისით, უკეთესი გარემოს შექმნისთვის. ამიტომ, სხვა კომპანიებსაც მოვუწოდებთ, გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
აქციაში, ასევე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ზაზა ხუციშვილი მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე დავით ნარმანია შვილთან ერთად მივიდა.
შეგახსენებთ, რომ აქცია საშემოდგომო რგვების ფარგლებში გაიმართა. გამწვანების სეზონური ღონისძიებები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და დედაქალაქის მასშტაბით, 80 000 ხე - მცენარე დაირგვება.

ბეჭდვა