,,თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ’’ დასრულდა
,,თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ’’ დასრულდა
10:33 18.11.2016
,,თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2016 - დაძლიე დამოკიდებულება’’ დასრულდა. ყველაზე მეტი მედლის მფლობელ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) გუნდს გრან-პრი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადასცა.

შეჯიბრებები სპორტის ექვს სახეობაში, მინიფეხბურთში, ქუჩის კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, “ფეინთბოლსა” და ბოულინგში მიმდინარეობდა. გრან-პრის მფლობელის გარდა, თითოეულ მიმართულებაში გამარჯვებული გუნდებიც გამოავლინეს. მათ ფულადი პრიზები, ჯილდოები და სიგელები განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და სამსახურის სხვა თანამშრლომლებმა გადასცეს.

თბილისის მერის თქმით, სპორტული ოლიმპიადა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

„სტუდენტებს საშუალება აქვთ, საკუთარი სპორტული შესაძლებლობები გამოავლინონ და მათ შორის საუკეთესო გამარჯვებული გახდეს. თბილისის მერია აქტიურად უჭერს მხარს ამ და სხვა სპორტულ ღონისძიებებს და მომავალშიც გააგრძელებს. გვსურს, უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში და ამით ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ხელი შევუწყოთ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

უწყების ცნობითვე, სტუდენტურ ოლიმპიადაში დედაქალაქის მასშტაბით, 23 უმაღლესი სასწავლებლის 2500 სტუდენტი მონაწილეობდა. ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ,,სამოქალაქო ინიციატივა - საზოგადოების ჯანმრთელობისათვის’’ ორგანიზებით გაიმართა.

სტუდენტური ოლიმპიადა თბილისში, 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, პროექტის მიზანი, შემეცნებით, საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდობის ჩართულობით, ანტინარკოტიკული პროპაგანდის წარმოება და ცხოვრების ჯანსაღ წესის პოპულარიზაციაა.



ბეჭდვა