დავით ზილფიმიანი - „პირველი სტერეოს“ გათავისუფლებული თანამშრომლები კობაიძესთან მუშაობას ისედაც არ აპირებდნენ
დავით ზილფიმიანი - „პირველი სტერეოს“ გათავისუფლებული თანამშრომლები კობაიძესთან მუშაობას ისედაც არ აპირებდნენ
14:08 16.06.2012
ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ დირექტორობიდან გათავისუფლებული დავით ზილფიმიანის განცხადებით, ტელეკომპანიის ახალი დირექტორის, ვასილ კობაიძის  მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები მასთან მუშაობას ისედაც აღარ აპირებდნენ.
როგორც ზილფიმიანმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, თანამშრომლებმა განცხადება გათავისუფლების შესახებ პროტესტის ნიშნად ორი-სამი კვირის წინ დაწერეს, ვინაიდან დავით კობაიძეს დირექტორად არ სცნობენ. „პირველის სტერეოს“ ყოფილი დირექტორი განმარტავს, რომ თანამშრომლების მიერ განცხადების ნებაყოფლობით დაწერამ შესაძლოა კობაიძეს თავმოყვარეობა შეულახა და ამიტომ დღეს ბრძანება მათი გათავისუფლების შესახებ თავად გამოაქვეყნა.
„თანამშრომლები ისედაც აღარ აპირებდნენ მასთან მუშაობას, რადგან დირექტორად არ სცნობენ“-განაცხადა ზილფიმიანმა.
მისივე ვარაუდით კობაიძის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლებმა განცხადება ზილფიმიანის სახელზე დაწერეს.
ბრძანების საფუძველზე 30-მდე ადამიანი ანუ თანამშრომლების უმრავლესობა გათავისუფლებულია.
ზილფიმიანის თქმით, გათავისუფლებულების ნახევარზე მეტი მის კუთვნილ „სტერეო პლუსში“ გადავა, ნაწილი კი სხვა ტელეკომპანიებში გადანაწილდება.
„ვისაც შევძლებ, ყველას დავასაქმებ. მათი უმუშევრად დატოვება არ შეიძლება, რადგან პროფესიონალები არიან“-განაცხადა მან.
დავით ზილფიმიანი "პირველის სტერეოს" დირექტორის თანამდებობიდან ერთი თვის წინ გაათავისუფლეს. ახალი დირექტორი ტელეკომპანიის 65%-იანი წილის მფლობელი ვასილ კობაიძეა.

ზილფიმიანი ამ ფაქტს მის მფლობელობაში არსებული "სტერეო პლუსის“ მიერ "მეცხრე არხთან" გაფორმებულ კონტრაქტს უკავშირებს, რომელიც აღნიშნული ტელეკომპანიის დაზიანებული ტექნიკის შეკეთებას ითვალისწინებდა. მისი მტკიცებით, კობაიძის უკან პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი დგას.

ბეჭდვა