პრემია „დურუჯის“ ლაურეატები ხვალ დაჯილდოვდებიან
პრემია „დურუჯის“ ლაურეატები ხვალ დაჯილდოვდებიან
19:26 15.06.2012
თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაურეატების ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.
პრემიაზე წარდგენილ ნომინანტებს 5 წევრიანი ჟიური შეაფასებს.
პრემიის ლაურეატების გამოსავლენად ჟიურის წევრებს შორის ფარული კენჭისყრა დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდება.
გამარჯვებულთა ვინაობას სადღესასწაულო ცერემონიაზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში დაასახელებენ.
გასულ წელს პრემია მხოლოდ 5 ნომინაციაში გაიცემოდა, წელს კიდევ ერთი, საუკეთესო მხატვრის ნომინაცია დაემატა. შესაბამისად, 2012 წლის „დურუჯს“ ხუთის ნაცვლად ექვსი ლაურეატი ეყოლება, ესენია საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესის ავტორი, საუკეთესო მხატვარი და საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი.
თეატრალური პრემია „დურუჯის“ პარტნიორები კომპანია „რედიქსი“ და ბანკი „რესპუბლიკა“ არიან.
საქველმოქმედო ფონდ „ცისკრის“ მიერ დაწესებული პრემია „დურუჯი“ წელს მეოთხედ გაიცემა. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ტრადიციულად წელიწადში ერთხელ, ივნისში იმართება.

ბეჭდვა