ურეკის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელს, 4 წლის ლუკა ქილიფთარს გუშინ ბაღში კარადა დაეცა.
როგორც „ნიუსპრესის“ აჭარის რეგიონის ბიუროს კორესპოდენტი იუწყება, შემთხვევის შედეგად, ბავშვმა სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღო. სამედიცინო დასკვნაში მითითებულია, რომ მას ქალატვინის დახურული ტრავმა და საფეთქელის არეში სხვადასხვა მოტეხილობები აქვს.
ოჯახის წევრები მომხდარში ბაღის პედაგოგებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ბაღის გამგე და მასწავლებლები გუშინ ურეკში მყოფ პრეზიდენტთან შეხვედრაზე იყვნენ წასული და ბავშვები უყურადღებოდნენ იმყოფებოდნენ.
ფაქტს 4 წლის ლუკა ქილიფთარის დედა შეესწრო, რომელმაც შვილს ბაღში სწორედ იმ დროს მიაკითხა და შორიდან დაინახა როგორ დაეცა მას კარადა, როცა ქუდის გამოტანას ცდილობდა.
ბაღის დირექტორის მანანა კეჭაყმაძის განცხადებით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ბავშვი მშობელს ჩაბარდა. იგი ბრალდებას ბავშვების უყურადღებოდ დატოვებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნავს, რომ ის ბაღის პედაგოგებთან ერთად, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ახლომდებარე სკვერში მართლაც იმყოფებოდა, თუმცა, შეხვედრაზე დასასწრებად პირველი ცვლის მასწავლებლები წავიდნენ, რომელთა სამუშაო დრო უკვე დასრულებული იყო.
მისი თქმით, ბაღში ამ დროს მეორე ცვლის პედაგოგები იმყოფებოდნენ, შესაბამისად, ბავშვები უყურადღებოდ არ ყოფილან.
დაშავებული ლუკა ქილიფთარი კლინიკიდან დღეს გაწერეს, მას ერთი კვირის განმავლობაში წოლითი რეჟიმი აქვს.
