ტელეკომპანია „სტერეო პლუსთან“ დაკავშირებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური დასკვნა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოზიციას ემთხვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს
კომისია განმარტავს, რომ „სტერეო პლუსის“ ხელმძღვანელი დავით ზილფიმიანი აცხადებდა, რომ მისი მიზანი არ იყო ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ სიგნალის ღია ეთერით გავრცელება და ეს ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე რადიოხაზებით მომსახურების განხორციელების თანმდევი, აღმოუფხვრელი მოვლენა იყო.
კომისიამ „სტერეო პლუსს“ პრობლემის გადაჭრა კოდირებული სიგნალის გაშვებით შესთავაზე და ამავე დროს, კომისიის რეკომენდაციისთვის უფრო მაღალი სანდოობის შეძენისთვის, ტექნიკური დასკვნისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსაც მიმართა.
კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფაკულტეტის მიერ მომზადებული ტექნიკური დასკვნა კომისიის პოზიციას დაემთხვა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მიღებული პასუხის თანახმად, ანალოგური სატელევიზიო კონვერტაციის მოწყობილობებს წარმოადგენენ ე. წ კოდეკები, რაც უზრუნველყოფს კოდირებული სიგნალის გავრცელებას, ხოლო სიგნალის მიმღები ობიექტი აღჭურვილი უნდა იყოს სკრემლერებით, რაც კოდირებული სიგნალის სრულფასოვან მიღებას უზღუნველყოფს“-აღნიშნავს კომისია და დასძენს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ზემოაღნიშნულის განხორციელება უპრობლემოდ არის შესაძლებელი.
