კვლევის შედეგად, საქართველოში საარჩევნო გარემო დამძიმებულია
კვლევის შედეგად, საქართველოში საარჩევნო გარემო დამძიმებულია
15:31 15.06.2012
საქართველოში საარჩევნო გარემო გასულ თვეებთან შედარებით, დამძიმებულია. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოების“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალდური ანგარიშის პრეზენტაციაზე, ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, მონიტორინგის შედეგად, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური დაპირისპირების ორი შემთხვევა, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების ათი ფაქტი, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლის ოთხი, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ორი და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საქმიანობაში ხელი სამტრედიაში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა აქტვისტებმა შეუშალეს. აღნიშნული ორგანიზაციის დამკვირვებელს ხობში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა და იყო ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაც.
ასევე, ანგარიში მოიცავს მონაცემებს პოლიტიკური პარტიების მიმართ კონტროლის პალატის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ქმედებებზე, პარტიების მიერ საჯარო შეხვედრებსა და მოქალაქეთათვის პარტიების მიერ მიცემული დაპირებებზე.
ნინო ლომჯარიას თქმით, კონტროლის პალატა ძალიან გააქტიურებულია პარტიების დაფინანსების საკითხის მონიტორინგის კუთხით.
„მაისში ამოქმედებული იქნა არაერთი სანქცია და დაყადაღებული იქნა არაერთი ორგანიზაციის ქონება. სერიოზული შეკითხვები გვაქვს ამ უწებასთან დაკავშირებით, ამიტომ, კონტროლის პალატის საქმიანობას აღნიშნული კუთხით პოზიტიურად ვერ შევაფასებთ“ - აღნიშნა მან.
ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ანგარიში უწყებათაშორის კომისიას გადაეცემა და მის რეაგირებასაც აუცილებლად თვალს მიადევნებენ.
„იმედია, ანგარიშში მოყვანილი ფაქტები შესაბამისი ორგანოების სათანადო შესწავლისა და რეაგირების გარეშე არ დარჩება“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადეობა“ მომდევნო ანგარიშს 15 ივლისს გამოაქვეყნებს.

ბეჭდვა