“საზოგადოებრივი დამცველი“ კონტროლის პალატას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს
“საზოგადოებრივი დამცველი“ კონტროლის პალატას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს
10:07 15.06.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველი“ საქართველოს კონტროლის პალატას მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„საზოგადოებრივი დამცველი“ გუშინ ტელეკომპანია „მაესტროს“ 21.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით საუბრობს. 

„სიუჟეტში ნათლად ჩანს საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის მაჟორიტარობის დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატის ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის ნდობით აღჭურვილი პირები როგორ ცდილობენ ამომრჩევლის მოსყიდვას. ვთვლით, რომ აღნიშნული ქმედებით ადგილი გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 164 ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს „პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზებას, დაპირებას, გადაცემას ან გაწევას, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნას ან მიღებას. ეს კი, თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით ისჯება“ - ნათქვამია განცხადებაში. 

„საზოგადოებრივი დამცველი“ იმედს გამოთქვამს, რომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტრლის პალატის მიმართ მისი სუბიექტურობის შესახებ საფუძვილანი ეჭვი გამყარდება.

ბეჭდვა