ნატო-ს კვირეულის მეხუთე დღეს საქართველოში, დღეს რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.
ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში კესტუტის
იანკაუსკასი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სტუდენტებს შეხვდებიან.
კონკურსში „ჩემი სიტყვა ნატოს“ და გამოფენაში „ჩემი ნატო“ გამარჯვებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვევიან წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე, აკადემიის ფუნქციებისა და სწავლების შესახებ ლექცის მოისმენენ.
კვირეულის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანდრო ბარნოვი ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის” ნდობის ფონდის პროექტს დახურავენ.
ღონისძიება გორის სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე გაიმართება. მოგვიანებით ბარამიძე და იანკაუსკასი იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდებიან. საუბრი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს შეეხება.
საქართველოს პარლამენტში ნატო-ს თემაზე დებატებში გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართება. დებატებში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. საუკეთესო სტუდენტებს სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
GFSIS-ში მომავალ ლიდერებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც ახალგაზრდებს ლექციას პროფესორი ალექსანდრე რონდელი და კესტუტის იანკაუსკასი წაუკითხავენ. საუბრის მთავარი თემაა „ჩიკაგოს სამიტის შედეგები“.
