,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე მომუშავე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გაჩერებას ითხოვს.
როგორც „ნიუსპრესს“ ცენტრიდან აცნობეს, ორი თვის წინ მათ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევასთან დაკავშირებით მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროში, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში და მთავარ პროკურატურაში გადააგზავნეს.
,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, მისმა ორგანიაზაციამ გუშინ, გარემოს დაცვის სამინისტროდან მიიღო წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ,,ჯორჯიან მანგანეზის’’ დათვალიერება-შესწავლა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ საწარმო გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში საწარმო შესაბამისი ნებართვის გარეშე მუშაობდა, რაც ცხადყოფს, რომ მის უკან სახელისუფლებო ინტერესი დგას.
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს საწარმოს საქმიანობა, ვინაიდან ფეროშენადნობთა ქარხანა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. ამასთან, ცენტრის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 306-ე მუხლის თანახმად, თუკი საწარმო გააგრძელებს უნებართვოდ საქმიანობას, მის ხელმძღვანელებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
