„დემოკრატიული მოძრაობა“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს თანადგომას უცხადებს
„დემოკრატიული მოძრაობა“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს თანადგომას უცხადებს
16:28 14.06.2012
ხელისუფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის ცხოვრების სათანადო პირობების შექმნაზე არ ზრუნავს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს პარტიამ განცხადება გაავრცელა.
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ აცხადებს, რომ საქართველო შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების კონვენციასთან მიერთებულია, რაც ხელისუფლებას პირდაპირ ავალდებულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის მათზე ზრუნვას.
მიუხედავად ამისა, პარტიაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების ამ ნაწილის ცხოვრების პირობები გაუსაძლისი გახადა - ხელოვნურადაა შემცირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა რაოდენობა, გართულებულია შესაძლებლობის შეზღუდვის დადგენის პროცედურა, სახელმწიფო არ აფინანსებს არანაირ სარეაბილიტაციო პროგრამას და ა.შ.
„დემოკრატიული მოძრაობა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამოქალაქეებს თანადგომას უცხადებს და აღნიშნავს, რომ პარტიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაში დეტალურადაა გაწერილი ის ნაბიჯები, რომელიც სავალდებულოა მათი ცხოვრების პირობების შემსუბუქებისა და გაუმჯობესებისთვის.
„დემოკრატიული მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საზოგადოების თანაბარუფლებიანი წევრი უნდა იყოს და ქვეყნის მშენებლობის პროცესში საკუთარი შესაძლებლობის გათვალისწინებით ჩაერთოს, რასაც, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება უნდა უზრუნველყოფდეს.

ბეჭდვა