„მე-9 არხი“ სტუმრად პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა
„მე-9 არხი“ სტუმრად პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა
17:47 13.06.2012
ტელეკომპანია „მე-9 არხი“ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სტუმრად იმყოფებოდა.

ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა, დღეს სტუდენტებთან ერთად, სასახლის საექსკურსიო მარშრუტი სრულად გაიარეს და ნანახი ტელეკამერაზე აღბეჭდეს.

როგორც სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „მე-9 არხის“ წარმომადგენლები სასახლეში მას შემდეგ მოიწვია, რაც ტელეკომპანიას სასახლეში ექსკურსიებთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა.

„მე-9 არხის“ ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ პირადად ედევნებინათ თვალი სასახლეში ექსკურსიისთვის, რომელიც 2009 წლიდან - გახსნის დღიდან ტრადიციად იქცა“ - ნათქვამია განცხადებაში.

ექსკურსიის დასრულების შემდეგ, ტელეკომპანიის ჟურნალისტებს, სხვა სტუმრების მსგავსად, სიმბოლურ საჩუქრად სუვენირები გადაეცათ.

განცხადების თანახმად, პრეზიდენტის სასახლე საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს მასპინძლობს, მათ შორის, კულტურისა და ხელოვნების სფეროდან, ასევე, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და სპორტსმენებს.

2009 წლიდან დღემდე, სასახლემ 44 ათასმდე სტუმარს უმასპინძლა.

ბეჭდვა