კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები პრეზიდენტს, კონტროლის პალატას, სასამართლო ხელისუფლებას, პროკურატურას და უწყებათაშორის კომისიას მიმართავენ.
კამპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ბოლო პერიოდში სასამართლოს, კონტროლის პალატის და პროკურატურის ქმედებები პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ სუბიექტური და არათანაბარი მიდგომით გამოირჩევა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეებმა აღნიშნეს, დასახელებული უწყებების მიერ პარტიის წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა მიმართ წაყენებული ბრალდებები და საქნციები ხშირ შემთხვევაში არასაკმარისად დასაბუთებულ ფაქტებს ეყრდნობა.
„კამპანიის მონაწილე ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის მთავარი ამოცანაა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარება. ასევე, პოლიტიკური პროცესების სტაბილურობა“ - ნათქვამია კამპანიის მონაწილეთა ერთობლივ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტს სთხოვენ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაატაროს შესაბამისი ზომები სამართლიანი წინასაარჩევნო და მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეჭვის ქვეშ დადგეს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა.
კამპანიის მონაწილეები კონტროლის პალატას მიმართავენ, რომ შეწყვიტოს არათანაბარი და სუბიექტური მიდგომა პარტიების მონიტორინგის პროცესში; უწყების მიერ გაკეთებული შეფასებები ეფუძნებოდეს სამართლებრივად და ფაქტობრივად დასაბუთებულ და სრულყოფილად გამოკვლეულ გარემოებას; ასევე, ერთნაირი ოპერატიულობით გამოიკვლიოს და ადეკვატური პასუხისმგებლობა მოითხოვოს არამხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის, არამედ მმართველი პარტიიის წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა სამართალდარღვევებზე.
„მივმართავთ სასამართლო ხელისუფლებას მოახდინოს საქმის გარემოებების სრულყოფილი ობიექტური და ყოველმხრივი გამოკვლევა. უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა. მისცეს მათ, სათანადო დრო სასამართლო პროცესისთვის მოსამზადებლად და მტკიცებულებათა წარსადგენად. გაითვალისწინოს საზოგადოებრივი მაღალი ინტერესი და მაქსიმალურად უზრუნველყოს მსურველთა სხდომებზე დასწრება“-აცხადებენ „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები.
ისინი მიმართავენ პროკურატურას ოპერატიულად შეისწავლოს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები, რომლებიც მოქალაქეთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებასა და მედიის წარმომდაგენელთათვის საქმიანობის ხელის შეშლას ეხება.
მიმართვაში ასევე, ნათქვამია, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, პოლიტიკური ნიშნის ზეწოლისა და მუქარის გამოვლენის ფაქტებთან დაკავშირებით უნდა გასცეს რეკომენდაციები შესაბამის თანამდებობის პირთა პასუხისმგელობაზე.
კამპანიის წარმომადგენელთა თქმით, მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვანი მოთხოვნისა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა პლურალისტურ მედიაზე, იგი დღითიდღე იზღუდება, რაც ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.
