საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კონფერენციას გამართავს.
კონფერენციაზე ინსტიტუტი მონაცემებს იმის შესახებ გამოაქვეყნებს, თუ რა შემოსავლებს მალავს საქართველო აშშ-სთან საგარეო ვაჭრობაში.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიდან აცნობეს, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველო-აშშ-ს შორის საგარეო ვაჭრობის მონაცემებში არსებული განსხვავებები, რის შედეგადაც საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი „ჩრდილში“ ექცევა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვან შემოსავლებს კარგავს.
ავტორთა შედარებებით, 2004 წელს აშშ-ს და საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობაში, აშშ-ის მონაცემებთან შედარებით, „ჩრდილში“ იყო მოქცეული მთლიანი საგარეო ბრუნვის 56,7%, 2005 წელს – 57,5%; 2006 წელს – 49%; 2007 წელს – 38,8%; 2008 წელს – 42%; 2009 წელს – 38%; 2010 წელს – 27,2%; 2011 წელს – 45,5%; 2012 წლის იანვარ-მარტში კი - 46,5%.
საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში აცხადებენ, რომ აშშ-ის ექსპორტმა საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში ამერიკის მონაცემებით 3 008,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იმავე პერიოდში საქართველოს მონაცემებით კი, აშშ-ის იმპორტმა საქართველოში - 1 662,4 მლნ დოლარი.
