„ვეტერან ავიატორთა კავშირის” წარმომადგენლების განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ ქუთაისიდან კიევამდე ფრენა 22 ევრო ეღირება ტყილი და არარეალურია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე „ვეტერან ავიატორთა კავშირის” წევრმა თენგიზ მელიქიძემ განაცხადა.
ბრიფინგი მელიქიძესთან ერთად საქართველოს პირველი პრეზიდენტის პირადმა მფრინავმა ზაურ ბედიამ და „ვეტერან ავიატორთა კავშირის” წევრემა სანდრო ბრეგაძემაც გამართა.
„პრეზიდენტის განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლების პიარ-აქციაა, ქუთაისი-კიევის რეისი 22 ევრო იმ შემთხვევაში ეღირება, თუ ავიაცია სახელმწიფო დოტაციაზე იქნება“-განაცხადა თენგიზ მელიქიძემ.
იგი განმარტავს, რომ აღნიშნული ავიარეისის ღირებულება რეალურად 500 ლარია, რადგან ტონა სხვადასხვა ტიპის საავიაციო საწვავი 1 200 ევრო და 1 400 აშშ დოლარი ღირს. თვითმფრინავი კი, რომელსაც 140 მგზავრის გადაყვანა შეუძლია 2,5 ტონა საწვავს ხარჯავს. მისი თქმით, ქუთაისიდან კიევამდე მანძილის დაფარვას ორი საათი დასჭირდება, შესაბამისად, თვითმფრინავი 6 ტონამდე საწვავს მოიხმარს, რაც ჯამში 8 ათასი ევრო გამოდის. 8 ათასი ევრო 140 მგზავრზე გაყოფილი ბევრად მეტია, ვიდრე 22 ევრო, გარდა საწვავისა, ფრენას კიდევ უამრავი სხვა ხარჯი ესაჭიროება.
ზაურ ბედიას განცხადებით, ავიაცია არაპროფესიონალი კადრებითაა სავსე.
„დაუშვებელია ავიაციაში არაპროფესიონალი ადამიანის მუშაობა, რადგან ეს სფერო საკმაოდ სპეციფიურია, არაპროფესიონალიზმმა შეიძლება უამრავი კატასტროფა გამოიწვიოს“ - განაცხადა ბედიამ და დასძინა, რომ დღეს საქართველოში ქართული ავიაცია თითქმის არ არსებობს, მისი განცხადებით, ერთადერთი ქართული ავიაკომპანია რომელიც დარჩა, „აირზენაა“ და მასაც ანადგურებენ.
