იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს
იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს
16:35 12.06.2012
აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დღეს, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვითა და განსახლების სამინისტროსთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და საბინაო პრობლემების მოგვარების მოთხოვნით, სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს.

„მოვითხოვთ სამინისტროს წარმომადგენლებისგან, რომ ჩამობრძანდნენ და კონკრეტული პასუხები გაგვცენ თუ როგორ აპირებენ ჩვენი პრობლემების მოგვარებას“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, პოლიტიკური პარტია „მომავალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო კორკელიამ.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ სამინისტროდან არავინ გამოსულა.

მისი თქმით, სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ პირებს არ ეხმარება პრობლემის მოგვარებაში და ამდენად, ისინი იძულებული არიან აქციები გააგრძელონ.

„გავაგრძელებთ გამაფრთხილებელ აქციებს და მინისტრ კობა სუბელიანს კიდევ ერთ შესაძლებლობას მივცემთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის გადადგომას მოვითხოვთ“ - აღნიშნა კორკელიამ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ვიდრე სახელმწიფო მათ არ დაუკანონებს ფართებს, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ, აქციები პერმანენტულად გაიმართება.
მათივე განცხადებით, შემდეგი აქცია ერთი კვირის შემდეგ, 19 ივნისს გაიმართება და ფართომასშტაბიანი იქნება.

ბეჭდვა