დიმიტრი შაშკინს საგამოცდო ტესტებზე მომუშავე ექსპერტების მიმართ გარკვეული მოთხოვნა აქვს
დიმიტრი შაშკინს საგამოცდო ტესტებზე მომუშავე ექსპერტების მიმართ გარკვეული მოთხოვნა აქვს
16:09 12.06.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს საგამოცდო ტესტებზე მომუშავე ექსპერტების მიმართ ერთი კატეგორიული მოთხოვნა აქვს.
როგორც დღეს შაშკინმა განაცხადა, აუცილებელია, შეიქმნას ისეთი ტესტები, რომლებიც განათლების სისტემის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.
მისივე თქმით, მოსწავლეს გამოცდაზე უნდა მოეთხოვებოდეს მხოლოდ იმ საკითხის ჩაბარება, რაც სკოლაში ისწავლა.
“მე, როგორც მინისტრს ტესტებზე მომუშავე ექსპერტებთან მხოლოდ ერთი ტრანსფარანტული მოთხოვნა მაქვს - როგორი ტესტიც უნდა დაიწეროს, ის სრულად უნდა შეესაბამებოდეს ერთიან ეროვნულ გეგმას. ეს ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს რეპეტიტორები უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად“ - განაცხადა შაშკინმა და აღნიშნა, რომ რაც შეეხება ტესტების სპეციფიკას, ღია თუ დახურულ შეკითხვას, ეს პროფესიონალების გადასაწყვეტია.
შაშკინმა მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტრომ მასწავლებლებს მაქსიმალურად კომფორტული პირობები უნდა შეუქმნას.
მისივე თქმით, ბევრი არაფერი შეიცვლება იმით თუ მასწავლებლებს გამოცდის დრო ნახევარი საათით გაეზრდებათ.
“გვყავს ბევრი ძალიან კარგი ასაკოვანი მასწავლებელი. დამეთანხმებით, რომ 65 წლის ასაკში ადამიანს ტესტების ამოსახსნელად უფრო დიდი დრო სჭირდება ვიდრე 30 წლისას, თუნდაც იმიტომ, რომ ცუდად ხედავს. ნახევარი საათით მეტი დრო კარდინალურად არაფერს შეცვლის“-აღნიშნა შაშკინმა და დასძინა, რომ უმთავრესია მოსწავლემ გამოცდა ჩააბაროს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში, ხოლო მასწავლებლებმა გამოცდა ზედმეტი სტრესის გარეშე გადალახონ.

ბეჭდვა