მანანა მანჯგალაძე განათლების სისტემის რეფორმირებაზე საუბრობს
მანანა მანჯგალაძე განათლების სისტემის რეფორმირებაზე საუბრობს
13:22 12.06.2012
განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებსა და სტუდენტურ ბარათებზე გაამახვილა ყურადღება პრეზიდენტის პრესსპიკერმა  მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, განათლების სფეროში განხორციელებული რამდენიმე ინიციატივა სისტემაში რეფორმების გასაგრძელებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
საგამოცდო სისტემის რეფორმაზე საუბრისას მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ 8+4 საატესტატო სისტემის დანერგვამ და კარგმა მუშაობამ, მისი მოდერნიზების საჭიროება დააყენა დღის წესრიგში.
ამდენად, პრესსპიკერის თქმით, 2013 წელს შესაძლებელი იქნება 8+4 მოდელი მსოფლიოში აღიარებული 8+1-ით შეიცვალოს.
„საქართველო ბოლონიის პროცესისა და ლისაბონის კონვენციის მონაწილეა და ამდენად, ერთიანი ევროპული განათლების ნაწილი რომ ვიყოთ, ვალდებული ვართ ევროპის ქვეყნების წარმატებული გამოცდილება გავიზიაროთ“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
პრესსპიკერის განმარტებით, 8+1 მოდელი იმითაც არის მიმზიდველი, რომ მოსწავლეს ერთი და იგივე საგნის ორჯერ ჩაბარება არ უწევს.
„საქართველოში მიღებული ცოდნით აბიტურიენტს შესაძლებლობა უნდა მიეცეს მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ქართული საგამოცდო სისტემის ინტერნაციონალიზაცია“-განაცხადა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება სტუდენტური ბარათების შემოღებას, პრესსპიკერის თქმით, ეს პროცესი პრეზიდენტის დაპირების შესრულებაა.
მანჯგალაძის განცხადებით, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროთა ერთობლივი მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდება სტუდენტებს ბარათები მომდევნო რამდნეიმე თვის განმავლობაში დაურიგდეთ.
პრესსპიკერის განმარტებით, ბარათების საშუალებით სტუდენტებს ხარჯები შეუმცირდებათ, მათ შორის, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სამედიცინო.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ამ პროექტში კერძო კომპანიებიც ჩაერთვებიან.

ბეჭდვა