არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს
პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლობების წინაშე „კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ იმიჯის შელახვას ცდილობენ.
ორგანიზაცია ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და წუხილს გამოხატავს იმის გამო, რომ ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა ორგანიზაციის ყოფილი წევრების მოსაზრებები „42-ე მუხლის“ ჰომოფობიაში დადანაშაულების საფუძვლად არაერთხელ გამოიყენეს.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ არის აპოლიტიკური უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელმაც 2011 წელს პირველი საქმე გააგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჰომოფობიის საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნით“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.
„42–ე მუხლი“ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ყოფილი წევრების მოსაზრებები „კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ ოფიციალურ პოზიციად არ წარმოაჩინონ.
