ფონდი „ქომაგი“ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და სახალხო დამცველს, არასამთავრობო, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს და საელჩოებს მიმართავს.
როგორც ფონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლებამ დაიწყო იმ მოქალაქეებზე ზეწოლა, რომლებმაც ,,ფონდ ქომაგს“ მიმართეს დახმარებისთვის.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 9 ივნისს, შაბათს დაიწყო ამ მოქალაქეთა მასიური დაბარება. მათი გადაყვანა მოდულის შენობაში მოხდა უწყების ჩაბარებისთანავე მუქარით და იძულებით. ამასთანავე, უწყებაში არ ყოფილა მითითებული მოტივი თუ რასთან დაკავშირებით უნდა მომხდარიყო მათი დაკითხვა. მოქალაქეებს არ მიეცათ ადვოკატის აყვანის შესაძლებნლობა, დაკითხვა მიმდინარეობდა ხანგრძლივი დროის მანძილზე, უწყვეტად, ზოგ შემთხვევაში 10 საათის განმავლობაში. ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ გაურკვეველ და სტრესულ სიტუაციაში. დაკითხვის დროს ხდებოდა პროვოკაციული კითხვების დასმა, რაც მიმართული იყო „ფონდი „ქომაგი“-ს დისკრედიტაციისკენ. შემაშფოთებელია ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ გაითვალისწინეს ამ ადამიანების, არც ასაკი და, არც ჯანმრთელობის მდგომარეობა“ - ნათქვამია განცხადებაში.
ფონდი სახალხო დამცველს, არასამთავრობო, ადამიანის უფლებათა დაცვის და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და მედია საშუალებებს მიმართავს და მათ შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვს.
„ფონდი ქომაგი“, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფონდის მიზნები არის ღია და საჯარო, არ ემსახურება არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს და მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. კიდევ ერთხელ, მოგმართავთ თხოვნით, დროულად მიიღოთ ზომები, რათა შეაჩეროთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეშად დარღვევის პროცესი“ - ნათქვამია განცხადებაში.
