საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2012 წლის 8 ივნისს ერთ–ერთი სამაუწყებლო არხზე „სტერეო პლიუსის“ დამფუძნებლის დავით ზილფიმიანის მიერ
გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
უწყების განმარტებით, სიუჟეტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2012 წლის 8 ივნისს გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.
„კომისიამ განცხადების გავრცელება გადაწყვიტა, რადგან დაინახა, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული ქმედება გრძელდებოდა. შპს „სტერეო+“–ის ხელმძღვანელი, ფიზიკოსი და პროფესორი, დავით ზილფიმიანი რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების დარწმუნებას ცდილობდა, რომ NF13 ლიცენზიით სარგებლობა შეუძლებელია თუ ამ ლიცენზიით გათვალისწინებულ სიხშირეებზე გაშვებულ სიგნალს ღია ეთერით მომხმარებლები არ მიიღებენ. სწორედ ამიტომ, კომისიამ 2012 წლის 8 ივნისს გაავრცელა განცხადება და „სტერეო+“–ს ტექნიკური გადაწყვეტის ერთ–ერთი გზა, რეკომენდაციის სახით შესთავაზა, მხედველობაშია კოდირებული სიგნალის გაშვება. თუმცა, იმავე დღეს მან ზემოაღნიშნულ სიუჟეტში წინა დღეებში წარმოებული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კამპანია კვლავ გააგრძელა“ - აღნიშნულია განცხადებაში.
კომისია აცხადებს, რომ 2012 წლის 6 ივნისს გამართულ სხდომაზე, სადაც შპს „სტერეო+“–ს სანქცია დაეკისრა (ერთ–ერთი დარღვევა სალიცენზიო პირობების დაუცველობა იყო, რადგან კომპანიას ლიცენზია სხვა მომსახურებისთვის ჰქონდა აღებული და სრულიად სხვა მომსახურებას ახორციელებდა), კომპანიის დირექტორი დავით ზილფიმიანი აცხადებდა, რომ სალიცენზიო პირობების დაცვა ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე შეუძლებელია. თუმცა, 2012 წლის 8 ივნისს გასულ სიუჟეტში იგივე პიროვნება აცხადებდა, რომ შპს „სტერეო+“–ს კუთვნილი NF13 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულება შესაძლებელია, ოღონდ ამისთვის მისი კომპანიის კუთვნილი აპარატურის გადაიარაღებაა საჭირო, რაც დიდ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება. კომისიის აზრით, ზილფიმიანის განცხადება ურთიერთგამომრიცხავი.
ამასთან, კომისიაში აღნიშნავენ, რომ სიუჟეტში, საუბარი ასევე, შეეხო შპს „სტერეო+“–ს კუთვნილ ლიცენზიას და ვალდებულებებს. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა განაცხადა, რომ დავით ზილფიმიანის კუთვნილი კომპანიის ლიცენზიის სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით კომპანიას მაუწყებლის სიგნალის ე. წ „ღია ლინკით“ გავრცელების აკრძალვა არ ჰქონდა.
„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შპს „სტერეო+“–ზე გაცემული NF13 ლიცენზიის სიხშირული ზოლი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებულია მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის და არა სამაუწყებლო არხის ღია ეთერში გავრცელებისთვის. ეთერში მაუწყებლობის სიგნალის გასავრცელებლად იგივე ეროვნული გეგმის შესაბამისად ზუსტადაა განსაზღვრული სხვა სიხშირულ დიაპაზონში, რაც დანამდვილებით იცის დავით ზილფიმიანმა“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ისინი განმარტავენ, რომ კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიებში არ არის მითითებული ლიცენზიით მინიჭებული რესურსის გამოყენების ტექნოლოგიები. ეს გადაწყვეტილება კომისიამ შეგნებულად მიიღო, რადგან ლიცენზიის მფლობელმა თავად უნდა განსაზღვროს მისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი გზა რესურსით სარგებლობის დროს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სიხშირული რესურსის დანიშნულებისამებრ გამოყენებით უნდა განხორციელდეს.
კომისია ხაზს უსვამს, რომ მას „სტერეო+“–ისთვის არ აუკრძალავს NF13 ლიცენზიის გამოყენება. კომპანიას დაევალა საქმიანობის სალიცენზიო პირობების ფარგლებში მოქცევა. ასევე, შპს „სტერეო+“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გათვალისწინებულია მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის და არა სიხშირული სპექტრის გამოყენებით საეთერო მაუწყებლობის ან ტრანზიტული მაუწყებლობის უზრუნველყოფისთვის. ამ შემთხვევაში საერთოდ აზრს კარგავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურა სიხშირული სპექტრის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზიის მოპოვებისთვის საჭირო საკონკურსო წესი.
