ნატო-ს კვირეულის ფარგლებში დღეს სპორტ-კომპლექსი „არენა“ მედია საშუალებებს შორის მაგიდის ჩოგბურთის ტურნირს უმასპინძლებს.
ჩემპიონატში მონაწილეობას სხვადასხვა ტელევიზიების, რადიოებისა და ჟურნალ-გაზეთების, ასევე სპორტული ვებ-გვერდების ჟურნალისტები მიიღებენ. გამარჯვებულები მედლებითა და ფასიანი პრიზებით დასაჩუქრდებიან. ტურნირის ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ, მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
კვირეულის ფარგლებში, დღეს 12:00 საათზე ფოთში სანაპირო დაცვის ბაზაზე პროექტის - „მოხალისეები სანაპირო დაცვის ბაზაზე“ გახსნის ცერემონია გაიმართება. პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები ერთ დღეს სანაპირო დაცვის ბაზაზე გაატარებენ. ახალგაზრდებს ლექცია ჩაუტარდებათ და პატრულირებისა და გემების დაკავების სიმულირებულ ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც „ნიუსპრესს“ ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, დღესვე, საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები ოსიაურის სამხედრო ბაზას დაათვალიერებენ. ნამსას პროექტ - “საქართველო 3-ის“ ფარგლებში მოხალისეებს ჰუმანიტარული განაღმვის ტრენინგი ჩაუტარდებათ. 15:00 საათზე კი - ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე და პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა სტუდენტებს შეხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემაა საქართველოს ინტეგრაცია ნატოში.
ასევე, ბათუმში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე ფრენბურთის ტურნირში გამარჯვებულებს დააჯილდოვებს.
ნატოს დღეები საქართველოში უკვე მეხუთედ, 11-იდან 16 ივნისამდე, ტარდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კვირეულის ღონისძიებები მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს. დაგეგმილია შეხვედრები სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე სპორტული ღონისძიებები, გამოფენები, ექსკურსიები, სხვადასხვა კონკურსები და დებატები.
ნატოს კვირეულს 16 ივნისს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახურავენ, სადაც სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართება.
