ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შემეცნებითი ალმანახის “ჰეროლდის” პრეზენტაცია გაიმართა.
ალმანახის პირველ ნომერში გამოქვეყნებული სტატიები ჰერალდიკას, ვექსილოლოგიას, ფალერისტიკას, ნუმიზმატიკას, ბონისტიკას, სფრაგისტიკას, უნიმორფოლოგიასა და ემბლემატიკას შეეხება. ჟურნალი წელიწადში ორჯერ გამოიცემა.
როგორც თსუ-ს რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, ამ ტიპის ალმანახი საქართველოში პირველად გამოიცა.
“ალმანახი მოიცავს ჰერალდიკის სფეროს მთლიანად. შემეცნებით ჟურნალში განთავსებულია ყველა საინტერესო ნიუანსი, რომელიც ამ სფეროს უკავშირდება”- აღნიშნა რექტორმა.
საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ელდერ შენგელაიას თქმით, ჟურნალის გამოცემის შემდეგ ჰერალდიკის შესახებ ინფორმაციის მიღება ფართო საზოგადოებისთვის იქნება შესაძლებელი. მისვე განმარტებით, ჰერალდიკა და სახელმწიფო სიმბოლიკის შესწავლა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია.
“ჰეროლდის“ პირველი ნომრის პრეზენტაციას ალმანახის ავტორები, თსუ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სახელმწიფო და სხვადასხვა უწყებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
