კვლევის შედეგად, რეგიონებში ადგილობრივ მედიასაშუალებებსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ხშირია
კვლევის შედეგად, რეგიონებში ადგილობრივ მედიასაშუალებებსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ხშირია
14:12 11.06.2012
მასობრივი ინფორმაციის რეგიონალური საშუალების ჟურნალისტთა დაშინებისა და დევნის არაერთი შემთხვევა აისახა ანგარიშში „საქართველოს რეგიონული მედია: ზეწოლა ადგილობრივ მეთვალყურეზე“, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მოამზადა.

როგორც „ნიუსპრესს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მედიაანალიტიკოსმა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ განუცხადა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რეგიონებში ადგილობრივ მედიასაშუალებებსა და ხელისუფლებას შორის ხშირია დაპირისპირების ფაქტები.

„რეგიონული მედიის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნაციონალური სატელევიზიო არხებისგან განსხვავებით, მათ საშუალება არ ეძლევათ სრულად გააშუქონ რეგიონებში მაღალი დონის ოფიციალურ პირთა ვიზიტი. ამას გარდა, ხშირია დაპირისპირება სამართალდამცავებსა და მედიას შორის“-განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

ანგარიშის თანახმად, ხელისუფლება არ ატარებს ეფექტურ გამოძიებას ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კვლევის შედეგად, გამოვლინდა მოქალაქეების დაშინების ფაქტები, მას შემდეგ, რაც მათ კორესპონდენტთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელი აზრი გამოთქვეს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ორგანოებმა 2012 წელს მედიის საქმიანობასა და სუბსიდიებზე 8,56 მილიონი ლარი გამოყვეს. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 7,37 მლნ ლარი იყო. ორგანიზაციის მიერ გამოვლენილ შემთხვევებში, ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში მყოფი ან მასთან დაკავშირებული მედია საშუალებებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსებით არაკონკურენტული გარემო შეიქმნა და საფრთხე შეექმნა დამოუკიდებლი გამოცემების ფინანსურ მდგრადობას.

ბეჭდვა