კამპანია "ეს შენ გეხებას" მიერ რუსთაველის მეტროსთან დღეს გამართული აქციის მიმართ დაინტერესება ძირითადად ასაკოვანმა მოსახლეობამ გამოხატა. ამის შესახებ "ნიუსპრესს"
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პროგრამების დირექტორმა ნინა ხატისკაცმა განუცხადა.
"ზოგადი ტენდენცია ასეთია - საზოგადოება ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ნიჰილისტურია. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ჩვენთვის მედიასივრცე შეზღუდულია, თუმცა ვცდილობთ სათქმელი თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ" - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
ნინა ხატისკაცმა ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეების ნაწილი შეშინებულია და ამბობს რომ არ სურს ახლოს გაეკაროს ამ აქციას. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, პარლამენტში წარსადგენ პეტიციას ხელი ასობით ადამიანმა უკვე მოაწერა.
"მიგვაჩნია რომ კანონი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ადამიანის უფლებებს ლახავს და არაკონსტიტუციურია. გვინდა ამ ცუდი კანონის შეცვლაში საზოგადოებამ მხარი დაგვიჭიროს" - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
კამპანია - "ეს შენ გეხება" კანონში შესული ცვლილებების გაუქმებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია საკანონმდებლო პაკეტი და სათანადო პეტიცია პარლამენტშია შეტანილი.
საინფორმაციო აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ, რომლებიც მოსახლეობას კანონის შინაარსს აცნობენ.
