კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ტელეკომპანია „სტერეო პლუსისთვის“ NF13 ლიცენზიის გამოყენება არ აუკრძლავს.
ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ „სტერეო პლუსი“ ერთი მხრივ, გარკვეულ რადიოსიხშირულ სპექტრს ლიცენზიის გარეშე იყენებდა, მეორე მხრივ, ამავე სიხშირეების გამოყენებით კომპანია უკანონოდ ახორციელებდა სამაუწყებლო არხის საეთერო ტრანზიტულ მომსახურებას. კერძოდ, „სტერეო პლუსი“ თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანია „მეცხრე არხის“ სიგნალის ღია ეთერში გავრცელებას უზრუნველყოფდა.
„სტერეო პლიუსის“ დამფუძნებელის დავით ზილფიმიანის განცხადებები, რომ სხვაგვარად - სალიცენზიო პირობების დარღვევის გარეშე ამ მომსახურების გაწევას ვერ შეძლებდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობაა“ - ნათქვამია განცხადებაში.
კომისია, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, რეკომენდაციას აძლევს „სტერეო პლუსს“ და აცხადებს, რომ კომპანიას შეუძლია „მეცხრე არხის“ რადიოხაზებით მომსახურება თავისუფლად გააგრძელოს, როგორც ანალოგურ, ასევე, ციფრულ ფორმატში ე.წ კოდირებული სიგნალის გაშვებით, რომელიც ხელმისაწვდომი არ იქნება ღია სამაუწყებლო ეთერში.
კომისიის განცხადების თანახმად, ეს გადაწყვეტილება დღის წესრიგიდან მოხსნის სალიცენზიო პირობების დარღვევის ფაქტს.
„ვაცხადებთ, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ტელეკომპანია „სტერეო პლუსისთვის“ NF13 ლიცენზიის გამოყენება არ აუკრძალავს. მას საქმიანობის სალიცენზიო პირობების ფარგლებში მოქცევა დაევალა“ -ნათქვამია განცხადებაში.
კომისიის ინფორმაციით, „სტერეო პლიუსის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვისაა გათვალისწინებული და არა სიხშირული სპექტრის გამოყენებით საეთერო მაუწყებლობის ან ტრანზიტული მაუწყებლობის უზრუნველყოფისთვის.
