მაია მიმინოშვილისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმება მისაღებია
მაია მიმინოშვილისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმება მისაღებია
15:58 08.06.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმება და საატესტატო გამოცდებისთვის სასელექციო ფუნქციის მინიჭება მისაღებია.
ამის შესახებ მაია მიმინოშვილის მიერ სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მისი განმარტებით, ერთმნიშვნელოვნად საჭირო და აუცილებელიცაა სახელმწიფომ მოსწავლეებს ისედაც რთული და დაძაბული საგამოცდო პერიოდი მაქსიმალურად გაუმარტივოს.
„გამოცდების გაერთიანების იდეა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის სრულიად მისაღები იყო და არის. რაც შეეხება გაერთიანების თუ ჩანაცვლების შემდეგ გამოცდების ფორმატს, მაშინაც ვფიქრობდით და დღესაც მივიჩნევთ, რომ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის, საშუალო თუ უმაღლესი განათლების რგოლისთვის მნიშვნელოვანია გამოცდების ფორმატი შეიცვალოს, რადგან უმაღლესი სასწავლებლებისთვის კონტინგენტის შერჩევა წარმოუდგენელია იმ ტიპის დავალებებით მოხდეს, როგორსაც საატესტატო გამოცდებისას დღემდე ვიყენებთ“ - ნათქვამია განცხადებაში.
მიმინოშვილი აქვე განმარტავს, რომ სწორედ ეს იყო სხვაობა გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებსა და პოლიტიკის გამტარებელთა პოზიციებს შორის.
„განათლების სფეროს ამ და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მუშაობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი მიზანი იქნება, რომელსაც მე და ჩემი კოლეგები ამ დღეებში ვაფუძნებთ“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მიმინოშვილი იმედოვნებს, რომ არასამთვრობო ორგანიზაციის მიზნები და იდეები იმ საერთაშორისო დონორო ორგანიზაციებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდება, რომლებიც კარგა ხანია საქართელოში მსგავსი პროექტების მხარაჭერას ახორციელებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მომავალი წლიდან აბიტურიენტთა მიერ უმაღლეს სასწავლებელებში ჩაბარება ეროვნული გამოცდებით აღარ მოხდება.
პრეზიდენტის თქმით, მომავალი წლიდან სკოლებში 8 გამოცდა და პლიუს ტესტი უნარ ჩვევებში ჩატარდება. აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში აღნიშნული გამოცდების შედეგებით მოხვდებიან.

ბეჭდვა