ზემო ავჭალის მოსახლეობა ეკონომიკის სამინისტროსგან კომპენსაციას მოითხოვს
ზემო ავჭალის მოსახლეობა ეკონომიკის სამინისტროსგან კომპენსაციას მოითხოვს
13:03 08.06.2012
ზემო ავჭალის მოსახლეობა რკინიგზის შემოვლითი გზის მშენებლობასთან დაკავშირებულ დავაში დახმარებას ეკონომიკის სამინისტროს სთხოვს. მათი მოთხოვნაა მიწის სანაცვლო კომპენსაცია ან ალტერნატიული მიწის ნაკვეთები.
ამის თაობაზე, დღეს, ეკონომიკის სამინისტროსთან პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის ლიკა ნაღებაშვილისა და ზემო ავჭალის მოსახლეობის აქცია-ბრიფინგზე აღინიშნა.
როგორც ლიკა ნაღებაშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დროს ზემო ავჭალაში, სკოლის ქუჩაზე მცხოვრებ 28 ოჯახს კუთვნილი მიწები უსასყიდლოდ ჩამოართვეს, რაც უკანონოობაა.
მისი თქმით, ამ ოჯახებს, თითოეულს დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, სარგებლობაში 1990 წელს გადაეცათ, სადაც მეურნეობას ეწეოდნენ.
„არსებული მიწების დაკანონების მოთხოვნით მოსახლეობა შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს წლებია მიმართვს, თუმცა, უშედეგოდ. თბილისის ქონების მართვის სამსახურმა მათ მიწების პრივატიზებაზე უარი იმ მოტივით უთხრა, რომ მათი ნაწილი მტკვრის დატბორვის ზონაში მდებარეობს“ - განაცხადა ნაღებაშვილმა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის ლარისა კვირიკაშვილის თქმით, ზემო ავჭალის ტერიტორიაზე სახელმწიფომ 30 ნაკვეთიდან 13 უკანონოდ მიისაკუთრა. კომპენსაცია მხოლოდ ორ მესაკუთრეს გადაუხადეს.
„აღნიშნულ ორს მიწა პრივატიზებული არ ჰქონდა. ეკონომიკის სამინისტრომ მათგან ნაკვეთები ჯერ შეიძინა და შემდეგ დაურეგისტრირა“- განმარტა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, სამინისტროს სქემით, კომპენსაცია 1 კვადრატულ მეტრზე 6 ლარით განისაზღვრა და შესაბამისად, მას ნაკვეთში 19 000 ლარი ეკუთვნის.

ბეჭდვა