ქართველი სპეციალისტები ნარკოდამოკიდებულების ზიანის შემცირების კანადურ გამოცდილებას ეცნობიან
ქართველი სპეციალისტები ნარკოდამოკიდებულების ზიანის შემცირების კანადურ გამოცდილებას ეცნობიან
18:37 07.06.2012
ნარკოტიკულ საშუალებებზე მოთხოვნის და ზიანის შემცირების ეფექტურ მეთოდებზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე მსჯელობდნენ სასტუმრო „ამბასადორში“ ორი დღის განმავლობაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ ორგანიზებულ სემინარზე.
სემინარში კანადელი ექსპერტები მონაწილეობენ, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას ნარკოლოგიის საკითხებში ჩართულ ქართველ სოციალურ მუშაკებს, ექიმებს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და შს სამინისტროების წარმომადგენლებს უზიარებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ონტარიოს ნარკოდამოკიდებულების პროგრამის დირექტორის მოადგილემ, ექსპერტმა უესლი სკინერმა განუცხადა, ნარკოტიკებსა და სხვა მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულებისადმი ფართო ხედვა უნდა არსებობდეს.
„ყველა საზოგადოებაში მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ ნარკოდამოკიდებულება უპირველესად მორალური, სამართლებრივი თუ ჯანმრთელობის პრობლემაა. კანადაში წამალდამოკიდებულებას და მომხმარებლის ქცევის შეცვლას უფრო ჯანმრთელობის და ზიანის შემცირების კუთხით განიხილავენ. მაგალითისთვის, თუ დასაქმებული პირი წამალდამოკიდებულია და მან სამსახური გააცდინა ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, დამქირავებელმა ხელი უნდა შეუწყოს მის შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელებას“ – აღნიშნა სკინერმა.
თემზე დაფუძნებული პოლიციის სამსახურის ოფიცრის ტეილორ მაიკლბოროს თქმით, პოლიციის სამსახური, ეჭვმიტანილთა გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივი დევნის გარდა, აქტიურადაა ჩართული ჯანდაცვის უწყებებთან თანამშრომლობის, თემთან მუშაობის და მისი ინფორმირების პროცესში, რაც წამალდამოკიდებულების პრევენციას უწყობს ხელს.
ნარკოლოგიის სფეროში მომუშავე ქართველი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ წამალდამოკიდებული ადამიანებისადმი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიდგომა უნდა გაღრმავდეს და კანონმდებლობაც გარკვეულწილად შემსუბუქდეს.
როგორც „ნიუსპრესს“ სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა დავით ასათიანმა განუცხადა, დღეისთვის თბილისის შესაბამის დაწესებულებაში მეტადონის დეტოქსიკაციის პროგრამას 27 პატიმარი გადის, 26-მა პროგრამა დაასრულა, ხოლო ქუთაისის დაწესებულებაში – 5 პატიმარია ჩართული პროგრამაში.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მეტადონის სახელმწიფო პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით 2000–მდე ადამინია ჩართული.



ბეჭდვა