წელს საქართველოში შიდსის დიაგნოზით 9 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც "ნიუსპრესს" ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს, 2012 წლის 22 თებერვლის მონაცემებით 44 ახალი შემთხვევიდან 8 მამაკაცი და ერთი ქალი გარდაიცვალა. იანვარში გარდაცვლილია 4 პაციენტი, ხოლო თებერვალში 5.
2012 წლის 22 თებერვლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით შიდსის ვირუსით ინფიცირების სულ 3179 შემთხვევაა რეგისტრირებული. მათ შორის 2322 მამაკაცი და 847 ქალია.
პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.
შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, ამჟამად 1124 პაციენტი მკურნალობს, მათგან 35 ბავშვია.
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია რეგისტრირებული - 1119, მათგან 67 უცხოეთის მოქალაქეა, სამეგრელოში - 471, აჭარაში - 394, იმერეთში - 408, აფხაზეთში - 237, კახეთში - 135, ქვემო ქართლში - 136, შიდა ქართლში 93, გურიაში -63, ფოთში - 46 და სამცხე-ჯავახეთში - 38 შემთხვევა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემებით, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია აღინიშნება.
