"ატსტუპნიკები" პარლამენტში კანონპროექტის შეტანას გეგმავენ
"ატსტუპნიკები" პარლამენტში კანონპროექტის შეტანას გეგმავენ
15:14 07.06.2012
პოლიტიკური პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე ე.წ "ატსტუპნიკებისთვის" ბინების  დაკანონების მოთხოვნით, მომავალ კვირაში პარლამენტში კანონპროექტის შეტანას გეგმავს.

"ატსტუპნიკების" მიერ დღეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე გიორგი ლაღიძემ განაცხადა, რომ 40 ათასი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს და პარლამენტში შესაბამის კანონპროექტს შეიტანენ.

"ატსტუპნიკები" იმ ფართების დაკანონებას მოითხოვენ, სადაც წლების მანძილზე ცხოვრობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მომავალ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, 7 თვეა მათი აქციები მიმდინარეობს, თუმცა, მათ ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებიათ.

მისივე განცხადებით, "ატსტუპნიკები" შეხვდნენ პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს მანანა კობახიძეს, რომელიც მათი პრობლემის მოგვარებას მხოლოდ მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაპირდა.

ლაღიძის თქმით, საპროტესტო აქციები "ატსტუპნიკების" მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

"ატსტუპნიკებს" საბჭოთა პერიოდში საცხოვრებელი სახლები არა ოფიციალური დოკუმენტით, არამედ ზეპირი შეთანხმებით აქვთ შეძენილი. მესაკუთრესა და ბინათმოსარგებლეს შორის, მაშინ მხოლოდ სიტყვიერი შეთახმება ხდებოდა. დღეისთვის დედაქალაქში 40 000-მდე "ატსტუპნიკია".

ბეჭდვა