„სტერეო პლუსის“ სიგნალის გათიშვის შემთხვევაში ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ მაუწყებლობას სატელიტის, „გლობალ ტვ“-ისა და ინტერნეტის საშუალებით
გააგრძელებს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „მეცხრე არხის“ გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა განუცხადა.
მისი თქმით, ტელეკომპანია მაუწყებლობას ძველი რეჟიმით გააგრძელებს და ასევე, ყველა ზომებს მიმართავს, რათა „სტერეო პლუსის“ სიგნალი აღადგინოს.
„ვიბრძოლებთ, იმისთვის, რომ კანონიერება აღდგეს და „სტერეო პლუსის“ სიხშირული სპექტრით „მეცხრე არხის“ მაუწყებლობა ჩაირთოს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ბექაურმა და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა და აუცილებლად გასაჩივრდება.
„მართალია, ამ ქვეყანაში კანონები აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს გარე სასამართლოები. ჯერჯერობით, სარჩელს საქართველოში შევიტანთ და ეტაპობრივად ბოლომდე მივყვებით“- აღნიშნა ბექაურმა.
მისივე თქმით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აბსოლუტურად უსამართლო და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არცერთი კანონის ჩარჩოში არ ჯდება.
მან სხვა მედიასაშუალებების მუშაობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში იზღუდება სიტყვის თავისუფლება და ტელეკომპანიებს თავისუფლად მაუწყებლობას საშუალება არ ეძლევათ.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სტერეო პლუსი“ 5 000 ლარით „მეცხრე არხის“ საეთერო სიხშირის გავრცელებისთვის დააჯარიმა. ამავე გადაწყვეტილებით, „სტერეო პლუსმა“ 14.00 საათამდე "მე-9 არხისთვის" საეთერო სიხშირის გათიშვა უნდა უზრუნველყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში "სტერეო +"-ის სიგნალი მთლიანად გამოირთვება.
