დავით ზილფიმიანი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს
დავით ზილფიმიანი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს
12:16 07.06.2012
შპს „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას  სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც ზილფიმიანმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანიას ისეთი მოთხოვნა წაუყენა, რომლის ტექნიკურად განხორციელება შეუძლებელია.
„14:00 საათზე გადამცემის გამორთვას აპირებენ და პირობას აყენებენ ისეთს, რომლის შესრულებაც არავის ძალუძს. ამის განხორციელება ტექნიკურად შეუძლებელია. 71 მეგაჰერციანი ტალღა, რომლითაც ვმუშაობ, შეუძლებელია სინათლის სხივივით სხვადასხვა წერტილს მიეწოდოს. ის როცა გამოსხივდება, ავტომატურად ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება“ - განმარტა ზილფიმიანმა და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოთხოვნა - სიხშირე კონკრეტულ ადგილებს და კონკრეტულ მოძრავ ობიექტებს მიეწოდოს, ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება.
ზილფიმიანი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას არაობიექტურად მიიჩნევს. მისი თქმით, კომპანია 6 წელია სხვადასხვა ტელეკომპანიებს ემსახურება და პრობლემა მხოლოდ მაშინ გაჩნდა, როცა თავის სიხშირეში „სტერეო პლუსმა“ „მეცხრე არხი“ ჩართო.
„კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ ვაპირებ. როგორ შეიძლება დავთანხმდე მსგავს სისულელეს. საბუნებისმეტყველო კანონის შეცვლა შეუძლებელია, ვერ ერკვევიან, კომისიის ერთი წევრიც კი არ არის კომუნიკაციების სპეციალისტი. ეს წარმოუდგენელია. მე ბიზნესმენი ვარ და ყველას, ვისთანაც კონტრაქტი მაქვს დადებული, ვემსახურები“-განუცხადა „ნიუსპრესს“ ზილფიმიანმა და აღნიშნა, რომ „სტერეო პლუსის“ საწინააღმდეგოდ მიმართულ ყველა ქმედებას გაასაჩივრებს.
მისივე თქმით, სასამართლოს იმ შემთხვევაშიც მამართავს, თუკი კომპანიის სიგნალის გათიშვა არ მოხდა. ზილფიმიანის განმარტებით, იგი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „სტერეო პლუსისთვის“ „აბსურდული“ პირობების წაყენების ფაქტის გასაჩივრებასაც გეგმავს.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სტერეო პლუსი“ 5 000 ლარით „მეცხრე არხის“ საეთერო სიხშირის გავრცელებისთვის დააჯარიმა. ასევე, მან 14.00 საათამდე "მე-9 არხისთვის" საეთერო სიხშირის გათიშვა უნდა უზრუნველყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში "სტერეო +"-ის სიგნალი მთლიანად გაითიშება.

ბეჭდვა