მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ნარკოლოგიის საკითხებში ჩართული სოციალური მუშაკებისთვის, ექიმებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების
წარმომადგენლებისთვის დღეს სემინარს მართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ IOM–იდან აცნობეს, ორდღიანი სემინარი მიართულია ნარკოლოგიის სფეროში მომუშავე პირების შესაძლებლობების ზრდასა და ნარკოტიკულ საშუალებებზე მოთხოვნის შემცირებისკენ.
სემინარში მონაწილეობენ კანადელი ექსპერტები, რომლებიც ქართველ კოლეგებს კანადაში სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლობის პრაქტიკას გააცნობენ. გარდა ამისა, გამახვილდება ყურადღება ნარკოდამოკიდებულების დაძლევასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და პრაქტიკულ გზებზე, რაც შესაძლოა, საქართველოში წარმატებით დაინერგოს.
სემინარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით ტარდება.
IOM-მა წამალდამოკიდებულების მკურნალობის და ზიანის შემცირების მიმართულებით მუშაობა საქართველოში 2006 წლიდან დაიწყო. ამასთანავე, ორგანიზაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ნებაყოფლობით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპლექსურ დახმარებას ახორციელებს.
ამ მიმართულებით, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით, თბილისში, ქუთაისსა და ფოთში მეტადონის სამი ცენტრის რეაბილიტაცია განხორციელდა და ტრენინგი ჩაუტარდა შესაბამისი სფეროს სამედიცინო პერსონალს და სოციალურ მუშაკებს.
გარდა ამისა, INL–ის მხარდაჭერით რეაბილიტაცია ჩაუტარდა მეტადონის ორ ცენტრს თბილისსა და ქუთაისში და ამასთანავე გაიხსნა ყოფილი ნარკომომხმარებლების, მეტადონით ჩანაცვლების თერაპიით მოსარგებლე პაციენტების, პრობაციონერებისა და პატიმრობიდან ახლახან გათავისუფლებულ პირთა მომსახურების პირველი ცენტრი საქართველოში.
