„ახალგაზრდა ადვოკატები“ - პედაგოგი ლევან კიკვიძე პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს
„ახალგაზრდა ადვოკატები“ - პედაგოგი ლევან კიკვიძე პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს
17:42 05.06.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ #51-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგის ლევან კიკვძის გათავისუფლებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და დისკრიმინაციის შეფასებას აძლევს.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სკოლიდან კიკვიძის იძულებით წასვლის ფაქტთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილით მიმართა და დირექტორის ქმედებების მართლზომიერებისა და კანონიერების შესწავლა და მასზე რეაგირება მოითხოვა.
როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაცია პედაგოგის უფლებების დასაცავად მზადყოფნას გამოთქვამს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ლევან კიკვიძემ კოალიცია „ქართული ოცნების“ 27 მაისის აქციაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც, მან სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მაისურში გადაღებული თავისი ფოტო გამოაქვეყნა. მისივე ინფორმაციით, პედაგოგი სოციალურ ქსელში განათლების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა და მას ხელისუფლების მორიგი უზნეო საქციელი უწოდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კიკვიძემ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 29 მაისს შეიტყო, კერძოდ, სკოლის დირექტორმა დავით ლაგვილავამ მას „ქართული ოცნების“ აქციაზე მისვლისა და მხარდაჭერის გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვა და გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა ურჩია.
როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, დირექტორსა და პედაგოგს შორის 30 მაისს მორიგი შეხვედრა გაიმართა. პედაგოგმა დირექტორს აცნობა, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა და მიიღო მისი წინადადება სკოლიდან წასვლის შესახებ. 1 ივნისს, ლევან კიკვიძე, რომელიც სკოლაში თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მივიდა, დაცვის სამსახურმა შენობაში არ შეუშვა.
ადვოკატების თქმით, საკმარისია იმის დამადასტურებელი გარემოებები, რომ კიკვიძე სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ კიკვიძე ევროკომისიისა და საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტია.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მომხდარის შესახებ პედაგოგთა საერთაშორისო გაერთიანებებს აცნობეს.

ბეჭდვა