აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებმა დღეს ლტოლვილთა სამინისტროსთან საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც აქციის ორგანიზატორმა, პარტია „მომავალი საქრთველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, უკვე სამი წელია ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან დევნილთა პრობლემების იგნორირება ხდება.
“სუბელიანი არ ხვდება მათ და არც კი ინტერესდება ლტოლვილთა პრობლემებით. მოვუწოდებთ კობა სუბელიანს, თავის ხელქვეითებს ამ ხალხის პრობლემებს გადაწყვეტა დაავალოს“ - განაცხადა ლაღიძემ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, მათ სამი წელია სამინისტროში განცხადება აქვთ შეტანილი, მაგრამ ფართების დაკანონება არ ხდება და დაპირება ისევ დაპირებად რჩება.
აქციაზე დევინილებს მინისტრის მოადგილე კობა გორგოძე შეხვდა, რომელმაც მათ სამინისტროში ასვლა შესთავაზა, თუმცა, აღნიშნა, რომ სამინისტროში შესვლის შესაძლებლობა ლაღიძეს არ მიეცემოდა. აქციის მონაწილეებმა კი, გიორგი ლაღიძის გარეშე შეხვედრა არ ისურვეს.
ლაღიძის განცხადებით, მომავალი კვირიდან ლტოლვილთა სამინისტროსთან უფრო ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება, რომელზეც ისინი დევნილთა პრობლემების მოგვარებას და კობა სუბელიანის გადადგომას მოითხოვენ.
