პრეზიდენტის ადმინიტრაციაში 2012 წლის საატესტატო გამოცდებს წარმატებულად აფასებენ
პრეზიდენტის ადმინიტრაციაში 2012 წლის საატესტატო გამოცდებს წარმატებულად აფასებენ
13:31 05.06.2012
2011-2012 სასწავლო წლების საატესტატო გამოცდები დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ შეაჯამა.
მისი შეფასებით, საატესტატო გამოცდები წინა წელთან შედარებით წარმატებული აღმოჩნდა.
მანჯგალაძის ინფორმაციით, მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები 8 საგანში გამოსცადეს და მიმდინარე წელს გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეთა მხოლოდ 5%-მა ვერ გადალახა ბარიერი მაშინ, როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 17%-ს აღწევდა.
პრესსპიკერის თქმით, საატესტატო გამოცდებში 41 000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. საგნების მიხედვით კი, საშუალო მაჩვენებელი 8 ქულა დაფიქსირდა, რაც მისივე შეფასებით, ძალიან მაღალია.
„2011-2012 წლების საატესტატო გამოცდების წარმატება, პირველ რიგში, უცხო ენის და საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ საგნებზე გაზრდილი მოტივაციამ, სკოლებში აინშტაინის ლაბორატორიების დანერგვამ განაპირობა“-განაცხადა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ წელს მაღალი აკადემიური მოსწრება არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებმაც აჩვენეს, რომელთაგან საატესტატო გამოცდების ბარიერი მხოლოდ 10%-მა ვერ გადალახა.
პრესსპიკერის შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ წარმატებით მიმდინარეობს.
მისივე თქმით, წელს სამინისტროს ძალისხმევით საჯარო სკოლები 11 000-მდე ახალი კომპიუტერით აღიჭურვა და გამოცდები ახალი „სქულბოქსების“ გამოყენებით ჩატარდა, რომელიც სტაბილურ ინტერნეტ კავშირს უზრუნველყოფდა.

ბეჭდვა