ჩერქეზული კულტურის ცენტრსა და ჯეიმსთაუნის ფონდს შორის დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩერქეზული კულტურის ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას აშშ-დან საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი, გლენ ჰოვარდი დაესწრება. მოწვეულ სტუმრებს შორის კავკასოლოგები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან.
მემორანდუმის ფარგლებში ჩერქეზული კულტურის ცენტრი და ჯეიმსთაუნის ფონდი სამეცნიერო კვლევებისა და ერთობლივი კონფერენციების ჩატარებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ჯეიმსთაუნის ფონდმა საქართველოში საერთაშორისო კავკასოლოგიური კონფერენცია - "უცნობი ერები, უწყვეტი დანაშაული" ჩაატარა. აღნიშნულ კონფერენციებზე ჩერქეზთა და ჩეჩენთა გენოციდის აღიარების საკითხი პირველად დაისვა.
