საქართველოში მცხოვრები მიგრანტი მოსახლეობის წლიური შემოსავალი უკიდურესად დაბალია, ხოლო ჯანდაცვა ფინანსურად მიუწვდომელი.
ასეთი შედეგები გამოავლინა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოში მცხოვრები მიგრანტი მოსახლეობის ჯანმრთელობის კვლევამ, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან 2012 წლის იანვრამდე პერიოდში განხორციელდა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.
კვლევის პროცესში მიგრანტთა სხვადასხვა ჯგუფები გამოიკითხა, სპეციალისტებმა არაგადამდებ დაავადებათა გავრცელებისა და მათი გამომწვევი რისკფაქტორების საკითხები. გამოიკითხა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული მიგრანტები, უცხოეთიდან დაბრუნებული მიგრანტები, ტრეფიკინგით დაზარალებული პირები, უცხოელი მიგრანტი სტუდენტები, თავშესაფრის მაძიებლები და უცხოელი მიგრანტი პატიმრები. კველვა შიდა ქართლში, კახეთში, მცხეთა–მთიანეთსა და იმერეთში ჩატარდა.
„ყველა ჯგუფში დეპრესიული სიმპტომები ფიქსირდება, ხოლო ამის გამომწვევი მიზეზები ჯგუფებში სხვადასხვანაირია. ამ ჯგუფების წლიური შემოსავალი არის ძალიან მწირი, სახეზეა არაჯანსაღი კვება და ჯანდაცვის მომსახურება მათთვის ხელმიუწვდომელია“ – აღნიშნულია კვლევის დასკვნით ნაწილში.
დაბრუნებულ მიგრანტთა ჯგუფში ფინანსურად ხელმისაწვდომი ჯანდაცვა მხოლოდ 13%-სთვისაა, თვაშესაფრის მაძიებელთა შორის მხოლოდ 8%–სთვის. ამ კატეგორიის 75% შრომისუნარიანი და უმუშევარია.
გამოკითხული უცხოელი მიგრანტი სტუდენტების 50% დღეში მხოლოდ ორჯერ იკვებება. მიგრანტთა საკვები რაციონი ძირითადად მხოლოდ ბოსტნეული და ხილია.
ამასთანავე, დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიგრანტთა შორის მაღალია თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარების მაჩვენებლები.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, ამ ჯგუფებში დაბალია ფიზიკური აქტივობა და მაღალია ჭარბწონიანობა, ასევე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ჰიპერტენზია (მაღალი წნევა). გარდა ამისა, სახეზეა ფსიქოლოგიური პრობლემები და არაგადამდებ დაავადებათა და მათ რისკფაქტორთა შესახებ ცოდნის დაბალი დონე.
ორგანიზაციამ რეკომენდაციებიც შეიმუშავა, რომლის თანახმად, მიგრანტთა ჯანმრთელობის მონიტორინგი გარკვეული პერიოდულობით უნდა ჩატარდეს და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმა შემუშავდეს.
