ზაზა გაბუნია ხელისუფლებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შერულებას სთხოვს
ზაზა გაბუნია ხელისუფლებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შერულებას სთხოვს
12:38 04.06.2012
თბილისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი“ წევრი ზაზა გაბუნია ხელისუფლებისგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების  შესრულებას მოითხოვს.
როგორც გაბუნიამ თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მთელ რიგ სახელმწიფოებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, სამედიციონო თვალსაზრისით, მხარდაჭერის პაკეტი არსებობს.
მისი თქმით, აღნიშნული პაკეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს თავის დროზე რეკომენდაციით მიმართა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები, რომლებიც ეპილეფსიის პრევენციისთვის არის აუცილებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უფასოდ გადაეცეს“ - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება რეკომენდაციას არ ითვალისწინებს და იმ ბავშვებს, რომლებსაც აღნიშნული დიაგნოზი აქვთ მედიკამენტებს არ აწვდის.
პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია „მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისთვის“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
გაბუნიას ინფორმაციით, აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული ბავშვების 80%-ზე მეტს პრეპარატები ყოველდღიურად ესაჭიროებათ.
„ეს მედიკამენტები პრევენციულია, თუმცა, იმისთვის რომ მკურნალობის კურსი ჩაიტარონ, ყოველდღიურად არის საჭირო. სახელმწიფო ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს, ამიტომ, ეს ადამიანები იძულებულნი არიან შვილებისთვის მედიკამენტების მიწოდება თავად უზრუნველყონ. ეს კი, მათთვის ძალიან დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული“ - აღნიშნა გაბუნიამ.
„ქრისტიან-დემოკრატები“ ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მედიკამენტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უსასყიდლოდ, ამავე დროს, უწყვეტად გადაეცეს.

ბეჭდვა