მართლმადიდებლები ხვალ სულიწმინდის დღეს აღნიშნავენ
მართლმადიდებლები ხვალ სულიწმინდის დღეს აღნიშნავენ
17:30 03.06.2012
მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხვალ სულიწმინდის დღე აღინიშნება.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით,  საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
სამების ლავრის სულიწმინდის სახელობის ტაძარში დღეს და ხვალ წირვა-ლოცვას ყოვლადუსამღდელოესი ეპისკოპოსი იაკობი ჩაატარებს.
სულიწმიდა – მესამე ჰიპოსტასი წმიდა სამებისა, ისეთივე ჭეშმარიტი და ძლიერი ღმერთია, როგორიც მამა ღმერთი და ძე ღმერთი. საღმრთო წერილი სულიწმიდის ღმრთაებრიობას ამოწმებს, როცა მას ღვთიურ თვისებებს – ყოვლისმეცნიერებას, ყოვლისშემძლეობას, ყველგანმყოფობას, ღვთიურ სახელს, ღვთიურ მოქმედებას მიაწერს.
სულიწმიდის პიროვნული თვისება წინა საუკუნეთა მამისგან გამომავლობაა. ეს პიროვნული თვისება სულიწმიდისა იესო ქრისტემ შემდეგი სიტყვებით ცხადად გამოხატა - „რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის“.
საეკლესიო ღვთისმეტყველების უდიდეს ძეგლში - „საღვთო წერილის სხვადასხვა სირთულის შესახებ“, რომელიც წმინდა მაქსიმე აღმსარებელს ეკუთვნის, მოძღვარი აღნიშნავს, რომ სულიწმინდას სამგვარი გამოვლინება აქვს.
მისი განჩინებით, სულიწმინდა, ერთი მხრივ, ყველაში და ყველაფერში, განსაკუთრებით კი, მოაზროვნე ქმნილებებში მარტივად მყოფობს. სულიწმინდის ეს „მარტივი მყოფობა“ არსთ არსებობის შემამტკიცებლობას, მათი ბუნებიდან მომდინარე მართებული აზრების ამოქმედებას ნიშნავს. ყველა ამგვარი გამოვლინების წყარო და სათავე სწორედ სულიწმინდაა.
მეორეგვარი გამოვლინება სულიწმინდისა სახეზეა იმათ შორის, რომლებიც რჯულს არიან შედგომილნი. შესაბამისად, სულიწმინდის მეორეგვარი გამოვლინება, ქრისტესეული საიდუმლოთა წინასწარმაუწყებლობა და ქრისტესმიერი სისრულის მეცნიერებით გასხოვოსნებაა.
მესამეგვარი გამოვლინება სულიწმინდისა საკუთრივ ქრისტიანულია. ეს გამოვლინება ქრისტიანთა შორის აღესრულება, რაც გარდა ზემოთქმული სიკეთეებისა, ყველაზე არსებითს - ღვთის შვილობის, სულიწმინდისეული სიბრძნის შთამკვიდრებულობას გულისხმობს.
მორწმუნეებისთვის სულიწმინდის დღესასწაული და მთელი კვირა მსგეფსია. შემდეგი კვირიდან კი, პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყება.



ბეჭდვა