ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ბათუმში სტუდენტურ ორგანიზაციათა საერთაშორისო ფორუმს მართავს.
ფორუმის მონაწილეებს სტუდენტთა დასაქმების პროექტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და ”Summer Job” პროექტის სპიკერმა მარიამ საჯაიამ წარუდგინეს.ფორუმში მსოფლიოს 35 ქვეყნის 70 სტუდენტური ორგანიზაცია მონაწილეობს.
საჯაიამ გერმანიის, საფრანგეთის, უნგრეთის, აშშ–ს, თურქეთის, იაპონიის, ბალტიისპირეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ახალი პროექტი, რომელიც საქართველოში წელს პირველად ხორციელდება და ზაფხულის არდადეგების პერიოდში 25 ათასს სტუდენტს დაასაქმებს.
პროგრამა 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები მონაწილეობენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე ფორუმზე მონაწილეები ახალგაზრდობის პოლიტიკასა და მომავალ პერსექტივებზე, მსოფლიო ახალგაზრდობის გამოწვევებზე მსჯელობენ, ხვდებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს და საქართველოს უახლეს პროექტებს ეცნობიან.
დასასრულს ორგანიზაციები, რომლებიც წელს შეუერთდებიან ფორუმს, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. დოკუმენტი 2011 წელს გამართულ სტუდენტურ ორგანიზაციათა თბილისის საერთაშორისო ფორუმზე მომზადდა და მას 18 სტუდენტური ორგანიზაცია შეუერთდა.
